Blog Archives

გალაკტიონი მეგრულად და სვანური ლირიკა

ამას წინათ ლიტერატორის ბლოგზე შევძვერი და ბოლო პოსტში სხვათა შორის მუქარაც მიუფრჩხილავს მათთვის, ვინც გაბედავს და იტყვის, რომ მეგრული ენა არაა (გაუფრთხილდით საჯდომებს, მწარეა ღომის ჩოგანი).

ამ საკითხზე დავას არ ვაპირებ, მაგრამ გამახსენდა გალაკტიონის “ჰამლეტის ქნარით” , რომლის მეგრული თარგმანიც კარგად ხნის წინ ვისწავლე; მეგრულიც ვიცი, მაგრამ ქართულ სიტყვებსაც ვურევ. იმას კი ვხვდები, რომ მშვენიერი თარგმანია სხვათა შორის, მაგრამ ვის ეკუთვნის ან რამდენად გავრცელებულია, არ ვიცი. მოკლედ, არა აქვს ამას მნიშვნელობა, ნახეთ ლექსი:

თე რინა დო თე ქიანა გვალო პოტიკი ოფენია,

მეუ, მეუ მონასტერიშა, მონასტერიშა, ოფელია!

უბედობა ხატის ქეჩი, გურს დაჩხირი დუბარბანჩე,

შულადირი გური, შური მონასტერს ქიმასვანჯე.

ცაშ ვარიაშ მორაგადე მუშოთ გოკო სოფელია,

მეუ, მეუ მონასტერიშა, მონასტერიშა, ოფელია!

ჰო, რახან მეგრულს შევეხე, სვანურმა რაღა დააშავა. ერთი პერიოდი სერიოზულად ვიყავი დაინტერესებული სვანური ენის შესწავლით, რისთვისაც სისხლს ვუშრობდი ჩემს სვან მეგობარს, რომელიც აქეთ მეჩხუბებოდა: გოგო, მე აქამდე არ დავკვირვებივარ, ეს რა საშინელი სიტყვები ყოფილა და მეტი საქმე არ გაქვსო? მერე ერთ–ერთ ფორუმზე იყო გახსნილი სვანური ენის შემსწავლელი თემა და იქაც საკმაოდ ვაქტიურობდი.

მოკლედ, შემრჩა საყველპურო სვანური და ერთი სვანი ლამაზმანის თვალებისადმი მიძღვნილი გულდამწვარი სვანის ლექსიც (ხალხურია მგონი):

იმჟი მალატ ისგვი თერალ,

სი ხი მიშგვი თემიშ ნარი,

მი ისგვაურ დეშ ხვიგენი,

ისგვაშკალი მადმა არი!

მოკლედ, შენს თვალები მიყვარს, ჩემი გულის ვარდი ხარ, შენისთანა არავინაა და უშენოდ რა ვარ მე უბედურიო!

P.S. გალაკტიონის ორიგინალი თქვენ თვითონ იპოვეთ, არ გადამრიოთ ახლა! :)

საბჭოური სინამდვილე ანუ ანეკდოტური წარსული

წინა პოსტში საბჭოთა ანეკდოტების კრებული ვახსენე; სხვათა შორის, ყველა მათგანი პოლიტიკური იყო. ჰოდა, სანამ უკეთესი რამე მომიფიქრებია, რამდენიმე მარგალიტს გავიხსენებ და იქნებ პოსტის იდეაც იშვას.

1. “იზვესტიამ” გამოაქვეყნა სტატია, სადაც აღნიშნული იყო, რომ ბუხარინი არის ჯაშუში და ა.შ. გაზეთს ხელს აწერდა ბუხარინი, როგორც მისი მთავარი რედაქტორი.

2. საკანში სამი პატიმარი ერთმანეთს ეცნობა:

– მე დამაპატიმრეს, რადგან გავაკრიტიკე ცნობილი პარტიული მოღვაწე რადეკი. – მე იმისათვის, რომ მხარს ვუჭერდი რადეკს.

– მე კი იმისათვის, რომ თვითონ ვარ რადეკი.

3. კარლ რადეკმა ასეთი განმარტება მისცა “ამკუს” (აღმოსავლეთის მშრომელთა კომუნისტური უნივერსიტეტი): ეს არის სასწავლო დაწესებულება, სადაც პოლონელი და გერმანელი ებრაელები ინგლისურ ენაზე უკითხავენ ლექციას ჩინელებს იმის შესახებ, თუ როგორ კეთდება რუსული რევოლუცია”.

4. კაცი გარდაიცვალა და ჯოჯოხეთში ნაცნობს შეხვდა, რომელიც უხსნის:

– აქ ორი ჯოჯოხეთია, კაპიტალისტური და სოციალისტური.

– შენ რომელში ხარ?

– მე – სოციალისტურში.

– რატომ, პატრიოტობის გამო თუ რა?

– რომელ პატრიოტობაზეა საუბარი! უბრალოდ, აქ უფრო იოლად გამოვდივარ: ხან კუპრი აკლიათ, ხან საქვაბეა რემონტში, ხან მეღუმელეა მთვრალი…

5. ერთ–ერთი ქარხნის დირექტორის კაბინეტში ტელეფონი რეკავს.

– დიახ, გისმენთ! ვინ ლაპარაკობს?

– ს ტ ა ლ ი ნ ი !

ყურმილში გაისმა წყვეტილი სიგნალი, სტალინი კვლავ შეაერთეს. ტელეფონს პასუხობს მდივანი:

– დიახ, გისმენთ!

– დირექტორი მინდა, რატომ დამიკიდა ყურმილი?

– დირექტორი ეს წუთია, გარდაიცვალა! გული გაუსკდა…

6. საბჭოთა კავშირში ვიზიტისას ჩერჩილი ზამთრის სასახლეში ცხოვრობდა, რომელიც ძალიან მოეწონა და სტალინს ჰკითხა:

– არ შეიძლება, ვიყიდო ეს სასახლე? ძალიან მომწონს.

სტალინი დიდხანს ფიქრობდა, თან ჩიბუხს აბოლებდა. ბოლოს ჰკითხა:

– თქვენთან, ინგლისში, რომელს თვლიან შუათითად?

ჩერჩილმა უჩვენა, ამასო.

– ჩვენში კი ამას, – უთხრა სტალინმა და უჩვენა სამი თითის კომბინაცია.

7. მიხეილ გორბაჩოვი მოქალაქეებთან შეხვედრისას:

– მომავალ წელს, ამხანაგებო, ჩვენ შემოგვაკლდება ხორცი!

სიჩუმეა. ისმის ერთი ადამიანის ხმა:

– ვიმუშავებთ თექვსმეტ საათს დღე–ღამეში!

– ხოლო ორი წლის შემდეგ, ამხანაგებო, შემოგვაკლდება რძის პროდუქტები!

იგივე ხმა: – ვიმუშავებთ თვრამეტ საათს დღე–ღამეში!

– ხოლო მესამე წელს, ამხანაგებო, ჩვენ პრობლემა გვექნება პურზე!

– ვიმუშავებთ დღე და ღამ! აუჩუყდა გული გორბაჩოვს:

– გმადლობთ, ძვირფასო ამხანაგო, მხარდაჭერისათვის! ნება მომეცით, გკითხოთ, სად მუშაობთ თქვენ??

– კრემატორიუმში, მიხეილ სერგის ძევ!

ანეკდოტები ანეკდოტებად, მაგრამ იმ დროს სასაცილოდ ბევრს ნამდვილად არ ჰქონდა საქმე, რადგან კარგად ესმოდა, რა დღეც დაადგებოდა ამ სიცილისთვის. ზოგს კი იმიტომ არ ეცინებოდა, რომ საბჭოთა პროპაგანდა თავის საქმეს აკეთებდა და საბჭოთა მოქალაქის კეთილდღეობის გულწრფელად სჯეროდა. ასეთი მშობლები თავიანთ ოქტომბრელ შვილებს ასწავლიდნენ ლექსებს: “საბჭოთა არმიელი”(“საბჭოთა არმიელია, სალ კლდეზე უფრო მაგარი”), “თებერვალი” (“თებერვალო, საქართველოს გაზაფხული ხარ”) და ა.შ. ოჯახში მიღებულ ცოდნას კი სასკოლო პროგრამა განამტკიცებდა. ხოლო ის ბავშვები, რომელთაც ამ ლექსების ათვისება უჭირდათ, გულზე მჯიღის ბრაგუნით ამას მაინც იტყოდნენ:

“დედაც მიყვარს, მამაც მიყვარს,
მაგრამ ძია ლენინი
ა–და–და–და–და!”

საზოგადოების მოაზროვნე ნაწილს შესაძლოა, სრულიადაც არ ეხატებოდა გულზე საბჭოთა ხელისუფლებისათვის გუნდრუკის კმევა, მაგრამ თავს ზევით ძალა არ იყო რა, ქმნიდნენ ასეთ შედევრებსაც:

ათრობდა ხალხთა მწუხარება, სისხლის აუზი,
მისი სასახლე მონად ჰყავდა აღფრთოვანებას,
მოღალატეთა შთაგონებით სცემდა ბრძანებას
და მედიდურად ხელს აწერდა: ნიკოლოოზი.
ლაჩარი იყო, ქვეყნის ბედი, ღელვა, ქაოსი,
ფრეილინების და დედოფლის ჟინს მიანება.
ჩვენ კი სიმართლის ციხეებში დაგვიანება
გულს გვისერავდა, როგორც ზარი სასაფლაოსი.

კუბოებისთვის მეკუბოვეთ ხე აღარ ეყოთ;
ხე არ ყოფნიდა მეფეს კაცთა ჯვარზე საცმელად,
მაგრამ გამოჩნდა სიხარული კაცთ დასახსნელად…

ამხანაგებო! განახლების ზარმა დარეკა,
ტახტი დაეცა და იმედად ქაოსზე დგება:
თანასწორობა, რესპუბლიკა, თავისუფლება! (გალაკტიონი)

რომ კომუნისტის სახელი გვერქვას,
ყველა როდი ვართ ღირსი,
დაფერილია ეს სიტყვა ყველგან
სისხლით, გმირული სისხლით.

თუ კომუნისტი გქვია სახელად,
ძალა არ არის შენი მომრევი,
შენ ხალხს ეკუთვნი არა ნახევრად,
არამედ მთელი ცხოვრებით.   (შოთა ნიშნიანიძე)

თუმცა, ამ ჟანრის შედევრი კონსტანტინე ლორთქიფანიძის  “საბარგო ავტომობილია”, რომელიც ინტერნეტ–სივრცეში ვერ მოვიძიე. მოგვიანებით დავამატებ, თუ ნაბეჭდი სახით ვიპოვე.

სტამბები ბეჭდავდნენ და ბეჭდავდნენ მხატვრულ თუ სხვა სახის ლიტერატურას, კრიტიკოსები და ლიტერატორები კი წერდნენ და წერდნენ წინა და ბოლოსიტყვაობებს, სადაც აქცენტი გაკეთებული უნდა ყოფილიყო იმაზე, თუ რატომ ვერ ან არ გაატარა ამა თუ იმ თითქოსდა პროგრესულად მოაზროვნე მწერალმა საბჭოური იდეები თავის ნაწარმოებში. ასე მაგალითად, სულ რამდენიმე დღის წინ კიდევ ერთხელ გადავფურცლე სენკევიჩის “ვიდრე ჰხვალ” და წინასიტყვაობაში აღმოვაჩინე ამავე წინასიტყვაობის ავტორის გულისტკივილი იმის შესახებ, რომ პოლონელ “ახალგაზრდებს”, რომლებიც ლიბერალური ბურჟუაზიის მომხრეები იყვნენ, არ ესმოდათ რევოლუციური ცვლილებების იდეა, რაც მკაფიო შეზღუდულობის დაღს ასვამდა მათ პროგრესულ იდეებს.

წნეხი ვრცელდებოდა ვიზუალურ აღქმაზეც, რისი მაგალითიცაა სტალინის ხელით შენიშვნებით აჭრელებული საკუთარი გამოსახულება, რომლებიც რასაკვირველია, რედაქტირებას ექვემდებარებოდა. საბჭოთა მოქალაქეების უმრავლესობას კარგად მოეხსენებოდა, რომ ბელადი ტანდაბალი და ჩოფურა იყო, მაგრამ იმდროინდელი პორტრეტების შემხედვარე მომავალი თაობა ამას ნამდვილად ვერ იტყოდა.

ამ ყველაფერმა ავად თუ აკრგად – ჩაიარა, ზოგს მტკივნეული მოგონებები დაუტოვა, ზოგს– სტაბილური ხელფასის, ცხელ აბაზანაში ბანაობისა და მოსკოვში კვირაში ერთხელ გასეირნების ნოსტალგია, ზოგს – სიამაყის შეგრძნება იმის გამო, რომ თვითონ მცირე წვლილი მაინც შეიტანა მის დამხობაში…

მაგრამ ერთი კი მიკვირს: ყოველივე ამის მნახველ თაობას რატომ უკვირს დღეს დასმენა, პოლიტიკური ანგარიშსწორება, კორუფცია და ძლიერთა ამა ქვეყნისათა თვითრეკლამა?





 

 

 

 

Follow

Get every new post delivered to your Inbox.

Join 88 other followers