კორექტურა

ჩემს ძველ პოსტებს რომ გადავხედე, აშკარად თვალშისაცემია, რომ ბევრ მნიშვნელოვან თემაზე, განსაკუთრებით, რწმენაზე მსჯელობისას ვცდილობ, უკონსტრუქციულესი, უნეიტრალურესი და უტაქტიანესი ვიყო. მარტივად რომ ვთქვათ, არც მწვადს ვწვავ და არც შამფურს.

დღეს უკვე მეტისმეტად მაღიზიანებენ ძალად ობიექტური, ყოველგვარი მიკერძოებისაგან შორს მდგომი, მაგრამ სინამდვილეში ავტორიტეტების მიმართ ფარული და შეუვალი პატივისცემით განმსჭვალული ტიპები და მათ შორის, ჩემი იმჟამინდელი ძვირფასი თავიც. შესაბამისად, უნდა ვაღიარო, რომ დღეს, ამ და ამ პოსტის (მეორე ნახევრის) კითხვისას თავად მიკვირს, რამ დამაწერინა ეს სისულელე. აი, აქ ცოტა გამპარვია საღი აზრი, მაგრამ მიუტევებლად ოპტიმისტი ვარ.

თარიღებს თუ გადახედავთ, ალბათ, ვერ გაიგებთ, რა მაძლევდა ასეთი ოპტიმიზმის საფუძველს, მაგრამ იმას ნამდვილად მიხვდებით, ვინ თუ რამ გამომაცალა. პარადოქსია, მაგრამ ამისათვის, ალბათ, მადლიერი უნდა ვიყო.

წინასწარ ბოდიშს ვუხდი მათ, ვინც შესაძლოა, უსამართლოდ მოვხარშე ამავე ქვაბში, რადგან მიუხედავად ჩემი იმედგაცრუებისა და რადიკალიზმისა, ჯერ კიდევ არ გავზრდილვარ საიმისოდ, რომ ყველაფერი ვწერო და პასუხისმგებლობა არ ვიგრძნო.

P.S. დალინკული პოსტების წაკითხვა საჭირო არაა, მაგრამ ამის დაწერა ნამდვილად აუცილებელი იყო.

კვლავ ორ ბორბალზე

ნოსტალგია

ვინც ჩემს ევროპულ ოდისეას თვალს ადევნებდა, ემახსოვრება ჩემი პირველი ველოსიპედი – მოწითალო, ტანწერწეტა, რბილი ტყავის უნაგირითა და გამართული წინა და უკანა ფარებით, რომელმაც უღალატოდ მატარა მთელი ათი თვე.

შინ დაბრუნებამდე მეგობრების მიერ ჯინჯერად მონათლული ველოსიპედი ახალ მდგმურს  – პუტკუნა ნენსის მივყიდე და გული საშინლად დამწყდა. ასე და ამგვარად, ნიდერლანდებში ორი წითური მეგობარი დავტოვე – ჯინჯერი და ოლგა.

ჰოლანდიაში ბევრი ისეთი რამ დავტოვე, რაზეც აქ დაბრუნების შემდეგ საშინლად მწყდება გული. იმიტომ, რომ უბრალოდ, არაჩვეულებრივი იქნებოდა, ჩვენც შეგვეძლოს ირგვლივ, თითქოს უმნიშვნელო წვრილმანებით, წესრიგის, სილამაზისა და სიმყუდროვის შექმნა.

529142_472429826163019_93774388_n

ვაღიარებ, ყველაზე მწარედ მაშინ ვიგრძენი სხვაობა, როცა სახლს მოვუახლოვდი და მიტოვებული ძველთაძველი შენობიდან ნესტოებს ყოველგვარი შესავლის და მორიდების გარეშე ეტაკა შმორის, ნაგვის ბუნკერის, მკვდარი კატის და იმ მკვდარმა კატამ უწყის, კიდევ რის სუნი. რამდენიმე ათეული მეტრის რადიუსში მიწა ეკალ-ბარდებით იყო დაფარული, ხოლო სახლისაკენ მიმავალი გზა – ისეთი ოღრო-ჩოღრო, რომ გორგოლაჭებიანი ჩემოდანი ძლივს მივარახრახე სადარბაზომდე.

მომდევნო ორი კვირა მუდმივად მტკიოდა თავი, რადგან იქ, ტელევიზორის ხმაურს, პოლიტ-დებატებს და ხალხმრავლობას გადაჩვეულს აქ წინასაარჩევნო ციებ-ცხელება დამხვდა და ხშირად სასოწარკვეთამდე მისული იძულებული ვხდებოდი, თავზე ბალიში დამემხო და დამეძინა, რომ როგორმე შემეჩერებინა ჩემს ტვინში შემდინარე ყოვლად არასაჭირო ინფორმაციული ნაგავი.

ადაპტაცია, როგორც იყო, გავიარე და საკუთარი მცდელობა იქითკენ მივმართე, რომ მთელი გარემო თუ არა, საკუთარი ცხოვრება მაინც გამეხადა ოდნავ უფრო ევროპული.

ევროპული ჩვეულებისამებრ, ჩანთაში ყოველთვის მიდევს წყლის ბოთლი, ქუჩაში თითქმის აღარასდროს დავდივარ მაღალქუსლიანი ფეხსაცმლით (ჩანთით ვატარებ), ვცდილობ, აქტიურ ცხოვრების წესს მივდიო (თვეების განმავლობაში ვვარჯიშობდი) და ჩავიფიქრე, რომ აუცილებლად შევიძენდი ველოსიპედს.

ჩანაფიქრმა პირვანდელი სახით წელიწადზე მეტხანს იარსება. ამასობაში, ერთ ველო-ტურში წასვლაც მოვასწარი და საბოლოოდ დავასკვენი, რომ ადამიანი, რომელსაც შეუძლია, სამ საათში 50 კმ გაიაროს, ნამდვილად იმსახურებს დამატებით ორ ბორბალს. ერთი ეგ იყო, ოჯახის უფროსი წევრი კატეგორიულად მიპროტესტებდა განზრახვას. მას ყოვლად ლეგიტიმური შიში აქვს, მისი (გასათხოვარი) ქალიშვილი ვინმეს შერეკილი არ ეგონოს.

ზემოხსენებულ ველო-ტურში რამდენიმე ველომოყვარული გავიცანი და აი, მაშინ დაიძრა საქმე.

ერთიც ვნახოთ და სამსახურებრივ შეხვედრაზე სერიოზული და აკადემიური სახით მჯდარს მესიჯი მომივიდა: “თამარ, აქ ხარ? დარეკე, ამას ყიდულობ (ლინკი)”.

ოთახიდან დაოთხილი გამოვვარდი, უმოწყალოდ ჩავუყარე წყალში შრომა თანამშრომელს (რომელიც ამ დროს თურმე ინტერვიუს იღებდა და მე სწორედ მისი რესპონდენტის ზურგს უკან შევკარი კამარა) და სასწრაფოდ გადავრეკე გამყიდველთან. მეორე დღეს ზემოხსენებული მესიჯის ავტორმა არ დაიზარა, ველოსიპედის სანახავად წამყვა, საფუძვლიანი შემოწმების შემდეგ გამყიდველს ისედაც დაბალი ფასი უფრო დააკლებინა და პატარ-პატარა დეფექტების გასასწორებლად თავის მეგობართან გამიშვა (დამსახურებული მადლობა მას!).

დიახ, მე (ისევ) “ვკატაობ”!

ველოსიპედის ექიმთან ჩემი მეგობარი წამყვა. ახალგაზრდა პერსპექტიულმა ყმაწვილმა, რომელიც თინეიჯერობის ასაკს ახლახანს თუ იქნება გადაცილებული, საეჭვოდ აგვხედ-დაგვხედა (ორ გასათხოვარ ქალს), შემდეგ, როგორც ჩანს, ჩემი მეგობრის მაღალქუსლიან ფეხსაცმელზე მეტად გულმა ჩემი გაცვეთილი “ოლსტარებისკენ” გაუწია და გაუბედავი ღიმილით მკითხა:

- ისა.. თქვენ “კატაობთ”?

ჩემდა გასაკვირად, დავიბენი.

- ჰმ… დიახ! – უხერხული შმუშვნით ვუპასუხე და ფიქრი, ხომ არ დავბერდი ველოსიპედის ჭენებისთვის, სასწრაფოდ ამოვიგდე თავიდან. ისე საიმედოდ ამოვიგდე, რომ გუშინ, როცა შეკეთებული ველოსიპედი ტაქსში ჩავჩურთე და მძღოლმა მკითხა, ბავშვისთვის ხომ არ მიმქონდა, მხოლოდ “სულელი!”-ს გაფიქრებით შემოვიფარგლე.

imagesჰოდა, ასე, ზემოხსენებულ სულელ ტაქსისტს თავი ნახევარ საათში დავაღწიე და ახლა უკვე ჩემს აივანზეც დგას ველოსიპედი. დიდი იმედი მაქვს, რომ ჩემი მეზობლები, უბრალოდ, გულზე სკდებიან!

და ბოლოს, სასიამოვნო დამთხვევა: ჩემი ველოსიპედი, არც მეტი და არც ნაკლები, ჰოლანდიური ფირმისაა!

რაც მართალია, მართალია, ცოტაოდენი მონატრებული ჰოლანდია ნამდვილად არ მაწყენს…

საყოფაცხოვრებო ეტიუდი

დედაჩემს ცხოვრებაში ბევრი სტერეოტიპი აქვს, მათ შორის ისიც, რომ მე აუცილებლად უნდა დამემთავრებინა მუსიკალური შვიდწლედი.

მთავარი პრობლემა ის იყო, რომ ფორტეპიანო არ გვქონდა. პირველ და მეორე კლასში, სანამ ცნობილ “შკოლა იგრი”-ს გავდიოდი და გაჭირვებით ვუკრავდი ორხაზიან ნაწამოებებს ორივე ხელით, მეზობელი მშვიდად იტანდა ჩემს ტანჯვა-წამებას, მაგრამ ამის შემდეგ დიდი სირთულეების ხანა დაიწყო და ფორტეპიანოს შეძენამ პრიორიტეტებს შორის ბოლო ან ბოლოსწინა ადგილას გადაინაცვლა. მიუხედავად ამისა, მე გმირულად დავდიოდი მუსიკალურ სკოლაში.

მადლობა ამისთვის დედაჩემს, ჩვენს მეზობლებს, დეიდაჩემს, მისსავე მეზობლებს, ნათესავებს, რომლებთანაც შემთხვევით მისული ვსარგებლობდი შემთხვევით, რომ ერთი საათი წამემეცადინა და კიდევ ბევრს.

მაგრამ დიდი გაჭირვების ხანაში მე ვიყავი პატარა. პატარა საიმისოდ, რომ გამეგო, რამდენის სწავლა შემეძლო ჩემი ახალგაზრდა, ლამაზი და ნიჭიერი მასწავლებლისგან, თურმე, რა მშვენიერი რამაა მუსიკა და ისიც, რომ ამით შეგიძლია სიამოვნება მიანიჭო საკუთარ თავს და სხვა ადამიანებსაც.

3d-piano-1024x819

დიდი გაჭირვების ხანაში მე პატარა ვიყავი და დაღლილი იმით, რომ სკოლიდან სასწრაფოდ უნდა გავქცეულიყავი სოლფეჯიოს გაკვეთილზე, თანაც უჭმელი, რადგან მქონდა მხოლოდ იმდენი ფული, რაც სამუსიკო სკოლამდე და შინ დასაბრუნებლად მჭირდებოდა. ამიტომაც ვერ ვხვდებოდი, რა კარგი იყო, რომ უშეცდომოდ შემეძლო ნოტების კითხვა და კარნახის დაწერა.

დიდი გაჭირვების ხანაში მე პატარა ვიყავი და ვწუხდი იმაზე, რომ გაყინულ ოთახში სანთლის შუქზე მიწევდა მეცადინეობა და დაკვრის დროს კიდევ უფრო მეყინებოდა ისედაც ცივი თითები. ცივი თითებით კი კარგად ვერ დაუკრავ,

დიდი გაჭირვების დროს მე პატარა ვიყავი და ხშირად დედაჩემის მიერ მომზადებული ამანათით მივდიოდი სამეცადინოდ, რომ წამეღო ზეთი, ფქვილი და ბევრი სხვა რამ, რაც იმ წუთში ჩვენ გვქონდა და სხვას არა. იმ დროს ამის გაცნობიერება იმ ზეთზე და ფქვილზე მძიმე აღმოჩნდა ჩემი პატარა მხრებისათვის.

მე პატარა ვიყავი და მეგონა, ცა თავზე დამემხობოდა, როცა იმ ნოტებზე, რომელიც მასწავლებელმა მათხოვა, ზემოხსენებული ამანათიდან გამოჟონილი ცხიმის ლაქები აღმოვაჩინე. სასოწარკვეთილმა, როგორც იქნა, ვიპოვე გამოსავალი – იმ ცოტაოდენი ფულით, რაც საჭმელად მომცეს, წიგნის გადასაკრავი ვიყიდე და გაჭირვებით შევფუთე გაფუჭებული ყდა.

იმ დროს პატარა ვიყავი და კონსერვატორიაში შესვლისას, სადაც ხანდახან მიბარებდნენ სამეცადინოდ, თავი ზღაპარში მეგონა, ხოლო მეტროდან კონსერვატორიამდე მიმავალი გზა, რომელსაც მარტო გავდიოდი, მეჩვენებოდა საოცრად გრძელი.

როცა მუსიკას ვსწავლობდი, ვიყავი ძალიან პატარა და უკვე დაღლილიც, რადგან საკუთარ კისერზე სრულად გადავიტანე დიდი გაჭირვების ჩემთვის განკუთვნილი წილი.

სწორედ ამიტომ, ძალიან გვიან გავიგე, რა მშვენიერი რამაა მუსიკა.

მევიოლინე სახურავზე

პოსტის დაწერა სოფიმ შთამაგონა.

სოფის საოცრად თბილი დამოკიდებულება აქვს თავისი ხალხის მიმართ, აქვს ძალიან ღრმა რწმენა, უყვარს მზე, თავისი ოჯახი და სიცოცხლე. ალბათ მას უნდა მგვანებოდა ყველა სოციალისტი.

ერთ-ერთ პოსტში შოლომ ალეიხემის მოთხრობები ახსენა და ისიც მიაყოლა, თუ წარმოიდგენთ, რომ იმპერიალისტური რუსეთის ოთხმოცდაათ პროცენტს პური არ ჰქონდა, ხოლო დანარჩენები რძეში ბანაობდნენ, ცარიზმის დამხობა აღარ შეგზარავთო.

ვერაფერს იტყვი, არის ამაში სიმართლის მარცვალი. სწორედ ამიტომ, როცა გუშინ “ანა კარენინა”-ს ახალ ეკრანიზაციას ვუყურებდი, საკუთარი თავი გამოვიჭირე იმაში, თუ როგორ მაღიზიანებდა გადაჭარბებული ფუფუნება და როგორ ხელახლა დავაფასე კონსტანტინ ლევინი და ერთი შეხედვით თავქარიანი კიწი, რომელმაც თავისი ბედნიერება სწორედ ასეთი ადამიანის გვერდით იპოვა.

FIDDLER_ON_THE_ROOF_COLORმაგრამ სჯობს, შოლომ ალეიხემის გმირებს დავუბრუნდეთ.

მერძევე ტევიე იმ ოთხმოცდაათ პროცენტს მიეკუთვნება, რომელთა ხარჯზეც მაღალი ფენა ფუფუნებაში ნებივრობდა. ტევიეს სიღარიბის გამო ცხოვრებაში კიდევ ბევრი თავსატეხი აქვს: ის ებრაელია და ჰყავს ხუთი ლამაზი ქალიშვილი, რომლებიც უნდა გაათხოვოს. გაგიკვირდებათ და ჩვენი მერძევე ძალიან პროგრესულად მოაზროვნეა და შესანიშნავად გაუგო თავის გოგონებს, რომლებმაც ერთმანეთის მიყოლებით დაჰკრეს ფეხი და მის დაუკითხავად და არცთუ სარფიანად გათხოვდნენ. მას ისიც კი არ გაუპროტესტებია, როცა ერთ-ერთი შორეულ ციმბირში გაემგზავრა მარტოდმარტო თავის გულისსწორთან, მაგრამ ნაბოლარა ხავალეს თავისი ბედის უკრაინელთან დაკავშირება ვერა და ვერ აპატია და სულ ცხარე ცრემლით გამოიტირა თავისი ჩიტუნია.

მიუზიკლის ყურებისას სხვადასხვა განწყობა მკვეთრად ენაცვლება ერთმანეთს: დაუჯერებლად ლამაზი ქორწინების ცერემონია ბალდახინის ქვეშ და დარბევის სასტიკი სცენა, მაგრამ ფინალი მაინც იმედიანია. ბოლოს, როდესაც ებრაელებისათვის გაუსაძლისი ხდება იქ ცხოვრება და იძულებულნი არიან, მიატოვონ თავიანთი დასახლება, ტევიე კიდევ ერთხელ ხვდება თავის ხავალეს და მის უკრაინელ მეუღლეს – ისინი ერთმანეთს ახალ, უკეთეს ადგილას შეხვედრის იმედით ემშვიდობებიან. ტევიე უკანასკნელი მიდის თავისი ძველი სახლიდან, თუმცა, თან მიჰყავს მევიოლინე, რომელიც მთელი მიუზიკლის განმავლობაში ყველაზე მოულოდნელ მომენტებში ჩნდება და რის თქმას ცდილობს, ეს უკვე თავად გადაწყვიტეთ…

მიუზიკლს ძალიან სევდიანი ფინალი აქვს, თუმცა, ტიტრების ყურებისას დარწმუნებით ვფიქრობდი, რომ ადამიანები, ვისაც ასე უყვართ ერთმანეთი და სიცოცხლე, აუცილებლად იპოვიან ბედნიერებას.

ბონუსად, ტევიეს არია, რომელსაც ყური მოვკარი თუ არა, მაშინვე მივუჯექი ტელევიზორს:

შენიშვნები ჯორჯ მარტინისა და HBO-ს საყურადღებოდ

გამარჯობა, შე ბებერო აფერისტო!

სუბორდინაციას, იმედია, არ მომთხოვ, იმიტომ, რომ იმის ტაქტიანად თქმა, რის თქმასაც ვაპირებ, საკმაოდ გამიჭირდება.

თავადაც იცი, რომ დიდი ყალთაბანდი ვინმე ბრძანდები, შენზე შექმნილ კომიქსებს მაინც ხომ ათვალიერებ? არ მითხრა, არაო…

შენი ჰობი რომ მკითხველისთვის პერსონაჟის შეყვარება და მერე მისსავე თვალწინ უცერემონიოდ მოკვლა რომ არის, ყველამ გავიგეთ. ასე რომ, თუკი პერსონაჟი ისე მოკალი, რომ ჯერ-ჯერობით მხოლოდ მსუბუქი სიმპათია გაგვიჩნდა და შეყვარება ვერ მოვასწარით, ვთვლით, რომ გაგვიმართლა, ჯორი კასელი, მაგალითად, ან სერ როდრიკი, ან კიდევ რობარ როისი. ბენჯენ სტარკზე შეგნებულად არაფერს ვამბობ, იმიტომ, რომ სანამ გვამს არ მაჩვენებ, არ დავიჯერებ, რომ მკვდარია. ალბათ, ჯერ ვერ გადაწყვიტე, რა მოუხერხო…

რა ვქნა, ვერ გავექცევი იმ ფაქტს, რომ კარგად წერ. ისე კარგად წერ, რომ ბატალური სცენების კითხვისას ლამის თავი ავწიე ერთი-ორჯერ, რომ გამეგო, საიდან მოდიოდა ბუკის ხმა.

მაგრამ ასე გავიგე, HBO-ს სცენარის შექმნაში ეხმარებოდაო და მართალია?

Winterfell-Game-of-Thrones-Godswood

თუ მართალია, რაღატომ გაიმეტე საკუთარი პერსონაჟები ასე დასამახინჯებლად? მათ შექმნაზე თავადვე არ იწვალე?

რატომ გამოიყვანა HBO-მ სანსა ლამის ჭკუასუსტად? შენ თვითონვე ვერ ითმენ ალბათ და იმის მიუხედავად, რომ შიშის კანკალი აქვს ავარდნილი, ხანდახან თავისდაუნებურად წაკბენს ხოლმე თავის პრინცყოფილს (აი, ომში წასვლის წინ რომ ეუბნება, ჩემი ძმა ყოველთვის იქაა, სადაც ბრძოლაა გაჩაღებული, მაგრამ ის შენზე უფროსია, უკვე ზრდასრული მამაკაციაო). გულუბრყვილო და სუსტი კი არის, მაგრამ შტერი არაა. სულ არაა მისი ბრალი, რომ სეპტამ ზღაპრებით გამოუჭედა ტვინი. სეპტა კი ლამის ბრძენ მოხუცად გამოიყვანეთ სერიალში…

ქჰალ დროგო არც ისეთი ცხოველია, როგორც დახატეს (სიმპათიურობა და სიმაღლე შველის მარტო საქმეს?) და სერიალში არ ჩანს, რომ დაენერისს მართლა შეუყვარდა. რას მიკეთებთ საერთოდ?

ბებერი მელა ტაივინის გულშიჩამწვდომი საუბრები არიასთან რა იყო ვითომ? ტაივინის მეორე მხარის დანახება რომ გდომებოდა, ამას წიგნშიც მშვენივრად გააკეთებდი. არ ვიცოდე მაინც, რანაირად უპირებ ბოლოს მოღებას (სპოილერის დამსახურებაა).

და ბოლოს, ამ ბოზთა ბოზის შაეს დადებითი კუთხით წარმოჩენა რაში დაგჭირდათ?

მოკლედ, არ ვიცი, შენი ხელიც ურევია თუ არა, მაგრამ გამკვირვებია, საკუთარი ნამუშევარი ასე რომ გააფუჭებინე მაგათ…

ისე, ვაღიაროთ, მწერალი რომ არა, ალბათ სერიული მკვლელი და მოძალადე იქნებოდი. ისიც ვაღიაროთ რომ სამართლიანობის აღდგენისკენაც გაქვს მიდრეკილება – ზოგიერთს იმისთანები ემართება, რომ ლამის შემეცოდოს, მიუხედავად იმისა, რომ ორიოდ ფურცლის წინ, მზად ვიყავი, საკუთარი ხელით გამებდღვნა.

ჰო, რომანის მიხედვით შენზე მსჯელობაც შეიძლება. აშკარაა, რომ გიყვარს:

-  კარგი სმა-ჭამა – ისეთნაირად აღწერ სადილებს;

- მოვლილი ქალები – დაენერისს მომთაბარე ცხოვრების დროსაც ისეთი ტუალეტი ჰქონდა, ლუვრში არ დაესიზმრებოდათ;

- ჭკვიანი ადამიანებიც გეყვარება და იმასაც კარგად ხედავ, რომ ბევრი დაუფასებელი რჩება ხოლმე;

- მოულოდნელობის ეფექტები და ხალხის სახტად დატოვება – ხანდახან მეტისმეტიც კი მოგდის, მაგრამ ჯანდაბას;

-  საქმეს აუჩქარებლად აკეთებ. მაგიტომ არის, რომ ერთ წინადადებაშიც არ გამჩენია უკმარისობის გრძნობა. იუველირივით მუშაობ და კარგი ინგლისურით წერ. ერთი სიამოვნებაა ორიგინალში კითხვა.

ჰო, მაგრამ ძალიანაც ნუ გაგვიჭიანურებ, თორემ ჩვენც ხალხი ვართ… და მოგეკითხება.

აბა, შენ იცი. ბევრი არ მოწიო, წესიერად იკვებე, კარგად იძინე და დღეში სამი-ოთხი საათი მაინც იმუშავე, თორემ დაგრჩება სერია დაუმთავრებელი. გული მიგრძნობს, ათეისტი იქნები და რით შეგაშინო, არც კი ვიცი… ჰოდა, უბრალოდ, დაამთავრე სერია, რა!

მე ჯერ მთელი სიამოვნება წინ მაქვს, მესამე წიგნს ვკითხულობ და მგონი, სანამ უკვე გამოქვეყნებულ ნაწილებს მოვრჩები, მანამდე რაღაცას თავს მოაბამ.

წავალ, არია მელოდება…

Follow

Get every new post delivered to your Inbox.

Join 93 other followers